20 ივნისს დაკავებულების სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თამლიანი, სოსელია, კუპრეიშვილი და ბუდაღაშვილი პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დაესწრება და არგუმენტებს წარადგენს სარჩელზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს.
აღნიშნული სარჩელით საკონსტიტუიო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 1 ნოემბერს მიმართა.
„რუსთავი 2“-ის საქმე
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილს 6 სექტემბერს წაუყენა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას ითხოვენ
12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია 586-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, საექიმო საქმეების მაძიებელ პირებს შეხვდებიან.
3 დეკემბერს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა(ე.წ. საექიმო საქმეების მაძიებელი პირები) აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათი განმარტებით, დადგენილება, რომელიც 2 დეკემბერსაა მიღებული, მათ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის დაწესებას ეხება. ამის შესახებ კი, უნივერსიტეტის სტუდენტებმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გაიგეს.
ჯანდაცვის სამინისტროში აქციის მიმდინარეობის დროს სტუდენტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა შეხვდა და მათ განუცხადა, რომ სამინისტრო ვეღარ დააფინანსებს გამოცდების ტექნიკურ ნაწილს, როგორიცაა დამკვირვებლების ხელფასი, გამოცდისთვის დარბაზის დაქირავება, საგამოცდო ტესტების შედგენა და ა.შ.
IDFI-ის პრეზენტაცია საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობაზე
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა ოჯახში ძალადობის შემსწრეთა ქცევის შესახებ
ჩეხეთის საელჩოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჩეხეთის საელჩო წარადგენენ კვლევას ოჯახში ძალადობის შემსწრეთა ქცევის შესახებ.