დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 79 წლის კორონავირუსით გარდაცვლილ ქალბატონზე საუბრობს, რომლის მდგომარეობაც ძალიან მძიმე იყო.
მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში გარდაცვალების ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე. ამირან გამყრელიძე დეტალურად განმარტავს, თუ რა პრობლემები აღენიშნებოდა ქალბატონს.
„დღეს დილით დადასტურდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული შემთხვევაა. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც შევიდა 31 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით.
ძირითადი დიაგნოზი გახლავთ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები გახლავთ მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეფტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე უკმარისობა.
მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე. ამ პაციენტთან იყო მძიმე თანმხლები დაავადებები. კერძოდ, დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მე-4 ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია.
პაციენტი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელს მიეკუთვნება, სადაც ჩვენ 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.