logo
ENG



ასფიქსია წყალში დახრჩობით - პირველადი ექსპერტიზის დასკვნა შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზზე

10 ივლ 202013:12
3 წუთის საკითხავი
clock 16005

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით - შაქარაშვილის საქმეზე პირველადი ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდა. 

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, უწყება აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

პროკურატურა განცხადებას ექსერტიზის დასკვნის დოკუმენტსაც ურთავს, ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე.

ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა და უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაამატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში გამოძიება სწორედ ამ კვალიფიკაციით წარიმართება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი", - აცხადებს პროკურატურა.

უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა