ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების სააფთიაქო ქსელებისთვის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში პირბადეები წამყვან სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.
„დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. 400 ათასი პირბადეა საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს და საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პე ეს პე“-სა და „ჯი პი სი“-ზე. ეს ოთხი ქსელია ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ პირბადეების გადანაწილება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს, უკვე ყველა ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა“, - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება პირბადის ღირებულებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა მოქალაქეებს მისი შეძენა სუბსიდირებადი ფასით, 50 თეთრად შეეძლებათ.
„რაც შეეხება ფასებს, სახელმწიფო ახდენს მობილიზებას ნედლეულის. მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან და ამას თავისი ღირებულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე სახელმწიფოს თითო პირბადის შეძენა უჯდება 1 ლარზე მეტი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა ხელმისაწვდომი გახდეს პირბადე მოსახლეობისთვის, გადავწყვიტეთ რომ ქსელებში პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად თითო ცალი. ეს არის სუბსიდირებადი ფასი. იმისთვის, რომ მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, აფთიაქები თავად დაარეგულირებენ ერთ მომხმარებელზე რამდენი პირბადის გაცემა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მინისტრმა.