logo
ENG



აფრიკის დასახლებაში მცხოვრები: მილიცია გვეუბნებოდა, კიდევ 200 სახლია დასანგრევიო

16 დეკ 202001:20
3 წუთის საკითხავი
 

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე "პოლიტმეტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ კიდევ 200 სახლის დანგრევა იგეგმება. მოქალაქის თქმით, ამის შესახებ მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განუცხადეს.

მოქალაქე დედაქალაქის მთავრობისგან, 300 კვ.მ. დაკანონებას ითხოვს.

"ჩემი სახლი არ მაქვს დაკანონებული, ვცხოვრობ, მაგრამ მეშინია, რომ დამინგრევენ. იმიტომ, რომ დღეს მილიციელები დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ კიდევ 200 სახლი გვაქვს დასანგრევი და ენერგიას სულ ნუ ხარჯავთ. ასე ეუბნებოდა მილიცია ხალხი დღეს. მე და ჩვენმა შვილმა სახლი მარტო ავაშენეთ. მუშის ფული რომ არ მქონდა, სახურავზე ვიდექი, "ჟეშტი" რომ გამექცა, ჩემი მეუღლე კინაღამ გადაჭრა შუაზე. ის როგორ უნდა დამინგრიო? სოზარ სუბარი ამბობდა, რომ 1 800 კვ.მ მეტრი აქვთ და გვეუბნებიან გაგვიფორმეთო. რადგან ვერ ხვდებიან, მე ვეტყვი სუბარსაც და სხვებსაც, 300 კვ.მ-ზე ხომ შეიძლება მიწის გაფორმება? მაშინ მოგვცენ ის 300 კვ.მ.", - აცხადებს მოქალაქე.

მისი თქმით, სახლების აშენების გამო, მაცხოვრებლები 75 000 ლარით დააჯარიმეს.

"არც ერთი ოჯახი ვამბობთ, რომ გაფორმებაში ფულს არ გადავიხდით, მაგრამ 75 000 ლარს ჯარიმაზე რომ დამიწერ, როგორ გადავიხადო თანხა გაფორმებაში? რომ დამიწერეს ჯარიმა ვუთხარი, რომ გადავიხდიდი, ოღონდ გადაენაწილებინათ და გამიფორმეთო. მითხრეს, რომ ჯარიმა გადამეხადა და მერე შემესყიდა. მაგდენი ფული თუ მაქვს...", - აცხადებს ადგილობრივი.

დედაქალაქის მერიამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. 

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

დემონტაჟის პროცესს გამოეხმაურა ომბუდსმენი და განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. ლომჯარიას თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

ამავდროულად, საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

დემონტაჟის პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" ეხმაურება და აცხადებს, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციის ფონზე, არსებული რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და ზამთრის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მსგავსი მკაცრი ზომების გამოყენებით, თბილისის მერია ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მოქალაქემ, რომელსაც აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა. 

"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან. 

არჩევნებამდე, მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა. 

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება  და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. 


close დახურვა