logo
ENG



აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა

04 სექ 202622:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/04/mywkju49za0ch8v.png

"როიტერის" ინფორმაციით, აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების კამპანიის ნაწილია.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების ქვეშ მოექცნენ სტამბოლში დაფუძნებული Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi, აქტივების მმართველი კომპანია Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi და აქტივების ლიზინგის კომპანია Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული კომპანიები ხელს უწყობდნენ ვაჭრობას ჩინეთსა და ირანს შორის, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ყუდსის ძალებთან (IRGC-Qods Force) დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში.

მოქმედი კამპანიის ფარგლებში პირველად სანქციები ნატოს წევრ ქვეყანაში მოქმედ ბანკს დაუწესდა.

სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა, რომ სანქციების შედეგად სამივე ორგანიზაცია შევიდა სპეციალურად დასახელებულ მოქალაქეთა და დაბლოკილ პირთა სიაში (Specially Designated Nationals List), რაც მათ დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემას ფაქტობრივად უთიშავს. სახაზინო დეპარტამენტმა ასევე გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც სანქცირებულ ორგანიზაციებთან არსებული ტრანზაქციების ეტაპობრივად დასრულების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებამ მკაფიო გზავნილი გაუგზავნა იმ ინსტიტუტებს, რომლებიც, აშშ-ის მთავრობის შეფასებით, ხელს უწყობენ ირანთან და მის ისლამური რევოლუციის გვარდიასთან ვაჭრობას, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.

"ჩვენ ვიცით, ვინ ხართ, ვიცით, სად ხართ და გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მოქმედებას, სანამ ირანულ გველს თავს არ მოვაჭრით", - თქვა ბესენტმა. 

თურქეთის 35-ე უმსხვილესმა ბანკმა Golden Global Yatırım Bankası-მ სახაზინო დეპარტამენტის ბრალდებები უარყო. ბანკის განცხადებით, იგი სრულად ასრულებდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საბანკო და შესაბამისობის მოთხოვნებს და უსაფუძვლო ბრალდებების წინააღმდეგ სამართლებრივი უფლებების დაცვას აპირებს.

ბანკმა ასევე განაცხადა, რომ OFAC-ის სანქციების გადაწყვეტილებაში დასახელებული პირები და ორგანიზაციები მისი კლიენტები არ ყოფილან და მათთან პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთობა არ ჰქონია.

 


close დახურვა