logo
ENG



აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ

15 დეკ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ. 

ელჩებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ თუ მხარეებს შეხვედრა სურთ, ისინი დახმარებისთვის მზად არიან.

"თუ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეხვედრის სურვილი გადაწყვეტილების მისაღებად, შეერთებული შტატები მზად არის, ნებისმიერი სახით გაუწიოს მათ დახმარება. ქართველებმა იციან, რომ საქართველოსთვის შეერთებულ შტატებზე უფრო ძლიერი მეგობარი და ერთგული პარტნიორი არავინაა.

პარტიებს შორის მოლაპარაკებები იყო იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ლიდერები დაინტერესებულები არიან, ერთად დაძლიონ სერიოზული განსხვავებები და პოზიტიური ისიც, რომ ამისთვის ისინი დემოკრატიულ გზას იყენებენ", - თქვა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, არის თუ არა შესაძლებელი მოლაპარაკებებში წინ წაწევა.

"ჩვენ კვლავ ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს ფართო შეთანხმების მისაღწევად. ვისურვებდი, მაგრამ ვნახავთ, არის თუ არა შესაძლებობა მორიგი რაუნდისთვის. ყველა მხარე უნდა დაჯდეს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და შეთანხმების მისაღწევად", - აღნიშნა ელჩმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. 

11 დეკემბერს გამართულ პარლამენტის გახსნით სხდომაზე დარბაზში მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ქართული ოცნების წევრების თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, პარლამენტის შეკრებამდე სასამართლომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.


close დახურვა