თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულები - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მათ გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.
როგორც კობალაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მანვე მედიას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათი გათავისუფლება დიდწილად პროცესის საჯაროობის შედეგია:
"ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ დღეს ესე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაო 10 ათასი ლარის შეფარდებით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემში სამართისადმი იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სამართლის მიღწევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ წნეხში იქნებოდა.
ლომის წილი ამაში ჟურნალისტებმა შეასრულეთ და იმ პროცესის საჯაროობამ ყოველ ნაბიჯზე მცდელობა იყო რაღაცების მიჩქმალვის, მიჩუმათების. დილიდანვე უნდოდათ, რომ ეს სხდომა ჩატარებულიყო ზუმის პროგრამით, უშუალოდ ციხიდან ყოფილიყო ჩართვა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ასე დამთავრდა". - განაცხადა აკაკი კობალაძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილება გასაკვირი იყო ასევე მეორე ბრალდებულის, აკაკი ხუსკივაძისთვის. მისი თქმით, რომ არა საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერა, დღეს მათი გათავისუფლება არ მოხდებოდა. ხუსკივაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მომავალშიც სამართლიანად გაგრძელდება.
"ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. საზოგადოებამ ამას თავიდან ბოლომდე ხედავდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ არა ამხელა მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ხაზგასმით აღვნიშნავ - მედიის მხრიდან, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს გარეთ ვართ.
იმედია, მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება ზუსტად იმ ჩარჩოებში, რომ არ იყოს შეთითხვნა ბრალდების კონკრეტული ადამიანების მიმართ. არ ველოდი, შოკი იყო, რომ დღეს გარეთ ვართ, თუმცა საკმაოდ მტკიცე პოზიციები ჰქონდა ჩვენი დაცვის მხარეს, ჩვენც გამოვხატეთ პოზიციები და ვფიქრობთ, რომ მოსამართლემ ამ შემთხვევაში სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.
ცნობისთვის, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აღნიშნულზე საუბარია კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლება ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ კობალაძისა და ხუსკივაძის გათავისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული და როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატებზე უარს ამბობს. მხოლოდ პარტია მოქალაქეები არ ტოვებს კუთვნილ ორ მანდატს, თუმცა ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.
რაც შეეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეს, ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ გობეჯიშვილი ნაციონალური მოძრაობის რეპრესიების მსხვერპლი იყო და საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს, შსს-მ ხუსკივაძე და კობალაძე თედორე გობეჯიშვილის მიმართ იძულებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ისნის #5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს. უწყების განცხადებით, ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.
საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.
ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალური უწოდეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.
მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.