logo
ENG



ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

09 ოქტ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქზე დაწერა: 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება". 

9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 5 - გარდაცვლილი. 

ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასტურდება 6 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 2 ბავშვია, ასევე ორი - მამაკაცი. მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც

მაშველები სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. 

შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

გაზეთ ბათუმელების ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. 

რეესტრმა 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

დღეს, 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა საჯარო რეესტრმაც და თქვა, ზაურ ბუდაგოვის განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

"საჯარო რეესტრის ცნობით, მათ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა". - აცხადებს უწყება. 


close დახურვა