logo
ENG



ბაიდენი ზელენსკის: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გავცემთ

03 იან 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც მომავალ კვირას იწყება.

ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას პირობა დადო, რომ პატრნიორებისა და მოკავშირეების გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. პუტინმა კი, 30 დეკემბერს, სატელეფონო საუბარში ბაიდენი გააფრთხილა, რომ უკრაინის გამო ახალი სანქციების დაწესება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის რღვევის მიზეზი შესაძლოა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.

უკვე 1 თვეზე მეტია უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

დეკემბრის დასაწყისში სტოკჰოლმში ერთმანეთს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა