logo
ENG



ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

03 დეკ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
bbc.com

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ერთმანეთს ხუთშაბათს, სტოკჰოლმში შეხვდნენ და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მოქმედებებსა და საკითხის გარშემო დასავლეთის რეაქციებზე ისაუბრეს. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

„მე ძალიან ცხადად დავაფიქსირე ჩვენი ღრმა შეშფოთება და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ რუსეთს დავაკისროთ პასუხისმგებლობა მისი ქმედებებისთვის. მათ შორის მოვიაზრებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობას რუსეთზე მწვავე ხარჯებისა და შედეგების დაკისრებაზე, თუ ის განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა ბლინკენმა უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაციის პრეს კონფერენციაზე.

ბლინკენის განცხადებით, ის და ლავროვი შეხვედრის დეტალებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს გააცნობენ და მომავალში ამ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი დიალოგიც შეიძლება გაიმართოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები CNN-ს ეუბნებიან, რომ ბაიდენისა და პუტინის დიალოგი ჯერ ბოლომდე დაგეგმილი არაა, თუმცა ლიდერებს შორის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზების შესახებ სატელეფონო საუბარი ნამდვილად იგეგმება.

თავის მხრივ, გასულ კვირას ჯო ბაიდენმაც ისაუბრა ჟურნალისტებთან, რომ ის სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ისაუბრებდა პუტინთან უკრაინის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან პირდაპირი დიალოგი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს პირველად 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტზე შეხვდნენ მაშინ, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი შეჭრის შესახებ მსგავსი საგანგაშო მდგომარეობა იყო.

4 საათიანი შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი დაიწყებდნენ "ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს".

ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა

ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს ეუთოს სამიტზე შეხვდნენ. მათი დაახლოებით ნახევარსაათიანი დიალოგის შედეგი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ ყოფილა, თუმცა მხარეები დიპლომატიური დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„ჯერი რუსეთზეა, რომ შეაჩეროს საზღვართან სამხედროების მობილიზება, დაუბრუნდეს ნორმალურ სამშვიდობო პოზიციებს და თავი შეიკავოს მომავალში უკრაინის გაღიზიანებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებისგან“,-  შეხვედრის შემდეგ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრესასთან.

აღსანიშნავია, რომ ლავროვთან შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც 1 დღით ადრე ბლინკენმა ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ ყველაზე მწვავე შეფასება და გაფრთხილება გაავრცელა უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობაზე. ბლინკენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და ამერიკას ექნება მტკიცე პასუხი, მათ შორის მთელი რიგი გავლენები ეკონომიკაზე, რისი გამოყენებისგანაც ამერიკამ წარსულში თავი შეიკავა.

ბლინკენს არ განუმარტავს, რა მოიაზრება ამ „სერიოზულ შედეგებში“ რომლითაც რუსეთს დაემუქრა. თუმცა მისგან განსხვავებით ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ბლინკენმა ლავროვთან დიალოგში კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის რუსეთისადმი მოწოდება, რომ უკან გამოიხმონ სამხედრო ძალები და დაუბრუნდნენ სამშვიდობო პოზიციებს.

ბლინკენმა კრემლს 2015 წლის მინსკის შეთანხმების დაცვისკენაც მოუწოდა. მინსკის პროტოკოლი საფრანგეთისა და გერმანიის შუამდგომლობით უკრაინამ, რუსეთმა და ეუთომ 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ, დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით შეადგინეს.

ლავროვთან შეხვედრამდე ბლინკენი უკრაინის საგარეო მინისტრს, დმიტრო კულებასაც შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულობისა და დამოუკიდებლობისადმი ვაშინგტონის ურყევი ერთგულება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო მინისტრთან ერთად ლავროვსაც განუცხადა, რომ ამერიკა მზადაა მხარეებს შორის შუამდგომლობისთვის.

„როგორც საგარეო მინისტრ კულებასთანაც განვაცხადე, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა იმუშაოს ორივე მხარესთან და ნებისმიერი საჭირო გზით დაუჭიროს მხარი მინსკის შეთანხმების გავლით საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-სა და ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთი ზრდის უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზებას. კრემლმა არაერთხელ უარყო გავრცელებული აზრი, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თავის მხრივ კრემლი უკრაინისადმი ნატოს მხარდაჭერას რუსეთის დასავლეთის საზღვართან საფრთხედ აღიქვამს.

შეხვედრის შემდეგ ლავროვმაც ისაუბრა მედიასთან და თავის მხრივ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის გარშემო ნატოსთან არანაირი კონფლიქტი არ სურს, მას აქვს უფლება აირჩიოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური გზები.

„ნუ დავივიწყებთ, რომ განუყოფლობისა და უსაფრთხოების პრინციპები, მათ შორის ეუთოში, ნატოსა და რუსეთის ფედერალურ კრებაშიც ამბობს, რომ არავის აქვს უფლება გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.

ნატოს დაწინაურება აღმოსავლეთში ნამდვილად მოახდენს გავლენას რუსეთის უსაფრთხოების შესახებ ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ.

ხუთშაბათს, ბლინკენმა სამიტზე დამსწრეებს განუცხადა, რომ ამერიკას უკრაინის მიმართ აგრესიის შესახებ რუსეთის განახლებული გეგმები აშფოთებს. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა და რუსეთს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მინსკის შეთანხმებისა და ეუთოს სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტების ინტერპრეტაცია აღმოჩნდა მთავარი წინაღობა მხარეებს შორის დიალოგში. ლავროვმა განაცხადა, რომ „აშკარაა რომ ამერიკასა და რუსეთი ამ დოკუმენტებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას ანიჭებენ."

მიუხედავად ურთიერთბრალდებებისა, დიალოგის აუცილებლობას ორივე მხარე აღიარებს. ლავროვმა ყურადღება გაამახვილა „ორი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ევროატლანტიკურ არეალში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნატოს მხრიდან საფრთხეებზე დაიწყო ლაპარაკი, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ხელოვნურად შექმნას პროვოკაცია რათა გაამართლოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები. ხუთშაბათს ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ მიუხედავად რუსეთის მასიური დეზინფორმაციის კამპანიისა, უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს არანაირად არ წარმოადგენს.

"ერთადერთი საფრთხე რუსეთის უკრაინისადმი რუსეთის განახლებული აგრესიაა“ - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

***

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ვაშინგტონმაც გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდეს. 14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან საჩუქრად 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი რუსეთს სამხედრო გეგმების შესახებ გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში დასავლეთის ალიანსთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან და ნატოს მოუწოდა, მოამზადოს "რუსეთის შემაკავებელი" სანქციების პაკეტი უკრაინაზე თავდასხმის აღსაკვეთად და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გაზარდოს. 


close დახურვა