logo
ENG



ბაიდენი ნეთანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

15 ოქტ 202301:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/qumirrb813n9i58.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ორივე ქვეყნის ლიდერების ადმინისტრაციები ავრცელებენ.

ნეთანიაჰუმ საუბრისას ბაიდენს უთხრა, რომ "ერთობა და გამბედაობა" აუცილებელია, რათა ისრაელმა ჰამასთან ბრძოლაში სამხედრო მიზნებს მიაღწიოს. მან ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება აბასის ადმინისტრაციას, მათი ცნობით, პალესტინელმა ლიდერმა ბაიდენთან საუბარში აღნიშნა, რომ "აუცილებელია შეწყდეს ყველა თავდასხმა და დაცული იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლება" ღაზას სექტორში.

***

13 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

მაჰმუდ აბასი ე.წ. დასავლეთ სანაპიროს მეთაურია და ღაზის სექტორში ჰამასის პოლიტიკურ კონკურენტად მიიჩნევა. 

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 


close დახურვა