logo
ENG



ბაქრაძე: ივანიშვილი ლუკაშენკოს გზას დაადგა, ასეთი რეჟიმები ამთავრებენ სწრაფად და ცუდად

09 ნოე 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება ლუკაშენკოს გზაა და ახლა ივანიშვილი სწორედ ამ გზას ადგას.

ბაქრაძის თქმით მსგავსი რეჟიმები ცუდად ამთავრებენ, თუმცა საზოგადოების ამოცანა, რომ ქვეყანა არ გადააყოლონ ქართულ ოცნებას, დაპირისპირებასა და ძალადობას.

"ხელისუფლებამ რომელმაც გააყალბა არჩევნები, გუშინ დაამატა კიდევ ერთი დანაშაული. ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ.

იქ მყოფი ხალხის წინააღმდეგ, ქალების, ბავშვების, ასაკოვანი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას. არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ეს არის ლუკაშენკოს გზა, ეს არის ჩრდილო კორეის გზა. ასეთი დიქტატორები, ასეთი რეჟიმები ამთავრებენ სწრაფად და ამთავრებენ ცუდად.

მაგრამ ჩვენი ამოცანაა, არ გადავაყოლოთ ქვეყანა ივანიშვილს, არ გადავაყოლოთ ქვეყანა ქართულ ოცნებას, არ შევიყვანოთ საქართველო დაპირისპირების, ძალადობისა და არეულობის სპირალში",-ამბობს ბაქრაძე.

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ახლა პარლამენტთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი სირცხვილიას დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 


close დახურვა