logo
ENG



ბაქრაძე: პარლამენტში არშესვლაზე გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება

18 ნოე 202017:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/18/hbgwskh8lqzianc.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიისა და ევროპის ხელმძღვანელთან შეხვედრის წინ აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. 

"გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში პარლამენტის ლეგიტიმაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების გადასაწყვეტი", - ამბობს ბაქრაძე. 

მისი თქმით, არჩევნების პროცესში არსებული ხარვეზების შემდგომ, ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართლებრივი ბრძოლის გზებიც გადაუკეტა. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. 

"ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც კრიზისი შექმნა, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და ხაზს ვუსვამ, შეუძლებელი გახადა იმიტომ, რომ პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარლამენტში შესვლა და თუნდაც, წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში. იმან რაც მოხდა, შეუძლებელი გახადა ამ გზის გავლა და ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი ჩვენს პარტნიორებთან იქნება სწორედ ის, თუ რამხელა დარღვევები იყო, ის, რომ შეუძლებელია უკვე არჩევნების გადასინჯვა, რისკენაც ასევე მოგვიწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ხელისუფლებამ ცესკოს ხელით და სასამართლოს ხელით დაკეტა ყველა კარი, ამ შედეგების სამართლებრივი გადასინჯვისთვის. ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწოდებთ . თუ ჩვენ გვინდა სტაბილურობა ამ ქვეყანაში, გამოსავალი არის ახალი არჩევნები გაზაფხულზე", - აცხადებს ბაქრაძე. 

ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების პარლამენტის შიგნით გადატანისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნებზე აღმოჩენილი უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციამ პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს. 

"ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და  მოახდინოთ ცვლილებები.

ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პომპეოს ვიზიტის პარალელურად.  

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. 

პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა. 

ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 


close დახურვა