logo
ENG



ბოტკოველი სააკაშვილზე: დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ აგრძელებს შიმშილობას

04 ნოე 202116:29
3 წუთის საკითხავი
 

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტაზე ესაუბრა, თუმცა ის პრინციპულ პოზიციაზეა.

ბოტკოველმა სააკაშვილი უკვე მეორედ მოინახულა. პირველ შეხვედრაზეც მან პატრიარქის მიმართვა გადასცა, შეეწყვიტა შიმშილობა. 

"ის გრძნობს მისი უწმინდესი ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მის უწმინდესობას. დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტორების შეტანას არ აპირებს", - თქვა ბოტკოველმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა