logo
ENG



ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოშია

16 მარ 202321:45
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოშია. ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ავრცელებს.

"კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში!" - წერს კლეიტონი ტვიტერზე.

მოლდოვის შემდეგ ჯეიმს კლევერლი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩაშვილს შეხვდება. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ბრიტანეთის ცნობით, საგარეო საქმეთა მდივანი საქართველოსა და მოლდოვაში ქვეყანაში ვიზიტისას გამოაცხადებს დამატებით დაფინანსებას, რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.

ბრიტანეთი დამატებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, ხოლო საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოებისთვის 500 000 ფუნტს გამოყოფს.

ვიზიტამდე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება, სანამ მოსკოვი უხეშად  უთხრის ძირს მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".

მისი თქმით, მოლდოვა და საქართველო მოწყვლადები არიან, ვინაიდან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკები, აგრესია და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობები მათზე გავლენას ახდენს.

 

close დახურვა