დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.
ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ მან დაკარგა ნდობა ქვეყნის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის მიმართ და აღნიშნა, რომ არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.
ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, კერძოდ, საქმე ეხება "ტორების" პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს.
აღნიშნული სკანდალის გამო პინჩერმა 30 ივნისს თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
ბრიტანული მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მინისტრების გადადგომის პროცესი გაგრძელდება, ბორის ჯონსონს თანამდებობაზე დარჩენა გაუჭირდება.