logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: პრიგოჟინის სიკვდილამდე პუტინი როსტოვში სამხედრო შტაბს ეწვია

24 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/24/mlmbxxu0ihvrwxx.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ 2 თვის წინ მომხდარი სამხედრო აჯანყების დროს, ვაგნერელებმა ხსენებული შტაბი დაიკავეს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პუტინი შტაბში 19 აგვისტოს იმყოფებოდა, "რათა საკუთარი ძალაუფლება ეჩვენებინა".

დონის როსტოვში მდებარე შტაბი ფრონტის ხაზიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. ამ შტაბში უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროები იმყოფებიან. დაზვერვაში ამბობენ, რომ პუტინმა მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, მათ შორის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ვალერი გერასიმოვთან.

"ვაგნერმა 2023 წლის ივნისში დაიკავა შტაბი. პუტინს დიდი ალბათობით, საკუთარი ძალაუფლების ჩვენება და იმის წარმოჩენა თითქოს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

***

ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა