logo
ENG



ბურჯანაძე: ელჩებს ავუხსენი, რომ შეუძლებელია პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში შევიდეს

20 ნოე 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მან ფასილიტატორებს აუხსნა, რომ გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიცია ვერ შევა. 

ბურჯანაძემ, მისი თქმით, ფასილიტატორებს აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესების მიღება, არჩევნების გაუქმების და პოლიტიკური პროცესის სიკვდილის ტოლფასია. 

"ისინი გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რომ მიღებულ იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელიც არის გაყალბებით არჩეული.

ავუხსენი მათ, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს და საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური კლასი მოკვდება", - ამბობს ბურჯანაძე. 

ბურჯანაძის თქმით, ერთადერთი კომპრომისული შეთავაზება ხელახალი არჩევნების დანიშვნა შეიძლება იყოს. 

"კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების გარანტორები იქნებიან ჩვენი ფასილიტატორი ელჩები", - ამბობს ბურჯანაძე. 

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

"მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა