ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ბრიგადები გავიდნენ.
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების მისვლას "გონივრული დრო" დასჭირდა.
"მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოხდა ცენტრის რეაგირება. გამოძახებიდან 2 წუთში უახლოესი თავისუფალი ბრიგადები გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. მისვლას, რა თქმა უნდა, დაჭირდა გონივრული დრო. როგორც შატილის გზა, ასევე სხვა გზები, ქვეყანაში არის რთული რელიეფის მქონე. შესაბამისად, აღნიშნულისთვის ცენტრის ავტოპარკი განახლდა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.
მსჯელობა იმაზე, რომ - სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ უფრო მალე შემთხვევის ადგილზე, გადარჩებოდა მეტი სიცოცხლე - არის ცალსახად არასწორი ტრავმის განვითარების სიმძიმიდან გამომდინარე. ადგილზე მისულ ეკიპაჟებს დახვდათ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები, ამიტომ აღნიშნულით ინტერპრეტაცია არის ცალსახად არასწორი", - განაცხადა გოგიტიძემ.
გოგიტიძის თქმით, საკურორტო სეზონებზე გამოძახების მატებასთან ერთად ხდება დამატებითი ეკიპაჟების განთავსება, როგორც ზაფხულის საკურორტო სეზონებზე, ასევე ზამთრის საკურორტო სეზონებზე.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებამდე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შატილის გზაზე მომხდარი გაუმართავი სისტემის ბრალია. ვაშაძის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის ადგილზე მისასვლელად 2 საათი დასჭირდა.
ცნობისთვის, შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.