logo
ENG



გაჩერებული ბიზნესის შემდეგ აღდგენა ბევრად რთული იქნება - ივა ჭყონია

21 აპრ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

გაჩერებული ბიზნესის შემდეგ აღდგენა ბევრად რთული იქნება", - ასე აფასებს ბიზნესსექტორში შექმნილ ვითარებას ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციაში ურჩევენ ხელისუფლებას, რომ გადახედილ იქნას არსებული შეზღუდვები - მათი განმარტებით, ბევრად რთული იქნება კოლაფსამდე მისული ბიზნესის დახმარება.

„მინიმუმ რაღაც სქემა უნდა შეიმუშავონ, რომ ობიექტებს ჰქონდეთ რაღაცის საშუალება. 70% არის საცალო სავაჭრო ობიექტები და თუ მაღაზიებამდე არ მივიდნენ, ძალიან გაუჭირდებათ. თუ შეეზღუდებათ გადაადგილება, ვერ იმუშავებენ - იქნება ეს მესაწყობე თუ ბუღალტერი. ერთადერთი სექტორი, რომელი მუშაობს, არის წარმოება, სოფლის მეურნეობა და ესეც არ შეფერხდეს, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება, გაჩერებული ბიზნესის შემდეგ აღდგენა ბევრად რთული იქნება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე მაქვს საუბარი", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

პრობლემებზე საუბრობენ ფერმერებიც. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, წარადგინოს ეფექტური ეკონომიკური გეგმა, რათა წლევანდელი ჩავარდნის შედეგები არ აისახოს მომავალ წელს მდგომარეობაზეც.

„ჩვენ სწორედ ის პერიოდი გვაქვს, როცა ფერმერული მეურნეობები გარეთ უნდა იყვნენ - ახლა ხვნა-თესვის პერიოდია. ამ დროს თუ ჩავაგდებთ, ნიშნავს, რომ ერთი წელი დავკარგეთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანას იმპორტი შეუმცირდეს - თუ ჩვენ ამ წელიწადს ფერმერული მეურნეობები არ გამოვიყენებთ, შემდეგი წელი იქნება ძალიან მძიმე. ყველა ადამიანს სჭირდება გამოკვება - ახლა ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, მაგრამ ადამიანი დაავადებით გარდაიცვლება, თუ შიმშილით, ხომ თითქმის ერთნაირია", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.

 


close დახურვა