პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიური მოხსენებით პარლამენტში მიდის. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოიკოტს დროებით წყვეტენ და პრემიერის ხვალინდელ მოხსენებას დაესწრებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გახარიასთან მწვავე კითხვები ექნებათ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ კითხვები ქვეყანაში არსებულ მძმე ვითარებასთან დაკავშირებით ექნებათ.
„გახარიამ ესროლა ქართულ საზოგადოებას, დათხარა თვალები და ამის შემდეგ ივანიშვილმა დანიშნა ის პრემიერად. საქართველოს უახლეს ისტორიაზე ყველაზე მძიმე წელი არის და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით გამოსვლები", - აღნიშნა რატიანმა.
მოხსენებაზე დასწრებას აპირებს "ნაციონალური მოძრაობაც". პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერთან უამრავი კითხვა დაგროვდა, მათ შორის არის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებები.
"გახარიასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს იმიტომ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომელმაც ვერ მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ძალიან მწირი დახმარება. როდესაც ამდენი ადამიანი დახმარების გარეშე რჩება და სტატისტიკას აქვეყნებენ, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარნენ, საინტერესოა, სად მიდის ეს თანხები. ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ, რა არის სამოქმედო გეგმა ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, რა პროგნოზი არსებობს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით. ასევე, შეკითხვები გვაქვს საბანკო ვალდებულებებთან, სესხებთან და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.