საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
"დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ მაგალითად როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა, გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი მოიგონა უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკის და ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება. ამასთან, 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში მუშაობას შეძლებენ კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები. ასევე, 15 თებერვლიდან, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.