logo
ENG



გახარია: გარეჯის საკითხის პოლიტიზირება ჩვენი ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია

01 თებ 202115:33
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით "ყველამ თავი უნდა შეიკავოს" ნებისმიერი სიტყვისა და ნაბიჯისგან, რომელმაც, შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას ხელი შეუწყოს.

მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია:

"დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს იმდენად სენსიტიური საკითხია... ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს.

ვერ გამოყოფ ვერავის, ეს საერთო, ეროვნული, სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს, ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას ხელი შეუწყოს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც", - თქვა პრემიერმა.

დღეს, პირველ თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და დავით გარეჯის საკითხზე ნაციონალური მოძრაობა "მავნებლური პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.

28 იანვრიდან,  ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები ფეისბუქში კოორდინირებულად მოქმედებენ და კარტოგრაფების დისკრედიტაციას ცდილობენ. 

გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კარტოგრაფების მიმართ გამოძიების დაწყების დროიდანვე მბრალმდებლის მხარეს გვევლინება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე, ასევე სხვა მაღალიერარქები ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მოღალატეებად აცხადებენ. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".


close დახურვა