საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ აკონკრეტებს, დაინიშნება თუ არა თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად, თუმცა ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტს ის "ნამდვილად დააკლდა".
"როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობაში, კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ", - თქვა გახარიამ.
განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფისა და უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ინფორმაცია 18 დეკემბერს გაავრცელა.
დღეს, 24 დეკემბერს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფა გადაწყვეტილია და ეს პროცესი თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა და ქართული ოცნების ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.
ამ დროისთვის ის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.