logo
ENG



გახელაძის მამა ოკუპირებულ მხარეს გადავა, ცხინვალის განცხადებით, პროვოკაციას არ დაუშვებს

22 ივნ 202115:00
3 წუთის საკითხავი
 
გახელაძის მამა ოკუპირებულ მხარეს გადავა, ცხინვალის განცხადებით, პროვოკაციას არ დაუშვებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".

კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციებში ადანაშაულებს დავით ქაცარავასაც, რომელიც აქამდე, მათი შეფასებით, "კონსტრუქციულ და დაბალანსებულ პოზიციას იკავებდა "საზღვართან" რეგულარულად აცნობდა მოსახლეობას სასაზღვრო დარღვევების შესახებ". 

23 ივნისს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. 

ზაზა გახელაძის ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. მიიღეს დაპირებებიც, რომლიც ამ დრომდე არ შესრულდა. 

დღეს, 22 ივნისს, ზაზა გახელაძის მამა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა, პრემიერმინისტრმა მისი ადრინდელი დაპირება უკან წაიღო. 

"ჩემი ოჯახისთვის არ მითქვამს, ისე შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს. ვუთხარი, რომ შეგვპირდით, რომ ზაზას 2 კვირაში გაათავისუფლებდით, ამ ამბავზე რა ხდება-მეთქი. მითხრა, მეო ასე არ მითქვამსო. მე სხვა ფორმაზე ვთქვიო. შეგვპირდა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა მალე დაბრუნდეს ოჯახშიო. კონკრეტული არაფერი გვითხრა". - თქვა მან. 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას ურჩია, არ გადასულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

"მირჩია, არ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს უფრო ცუდად იმოქმედებსო. წამოსვლისას ვუთხარი, რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდეო". - თქვა ზაზა გახელაძის მამამ. 

მისივე თქმით, ის ხვალ გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.


close დახურვა