logo
ENG



გეგელია: ერევანი გახდა რეგიონის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო თბილისი გახდა მაჩანჩალა

08 ივნ 202615:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/6x3hqyd9jzkqv4c.png

რუსეთი მარცხდება მთელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც "ქართული ოცნების" სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით. გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სჭირდებათ სასიცოცხლოდ.

სომხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა - ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ხალხის დამთრგუნველ უპირატესობას ვერ მოერევა ვერაფერი. ეროვნული ინტერესის სასიკეთოდ დარაზმულ ხალხის ძალას ვერ დაუპირისპირდება ვერცერთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო, ვერც ერთი გაყალბების სისტემა, მას ვერ დაძლევს ვერც პროპაგანდის და ვერც სიცრუის სისტემები და ვერც პოლიტიკური ნიჰილიზმი და უიმედობა. ყოველთვის იმარჯვებს ერი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს.

სომხეთის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ რეალურად პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა და ეროვნული ინტერესების დაცვა არჩევნების გზით, ყოველთვის იძლევა რეალურ შედეგებს.

გვახარებს რა სომხეთის გამარჯვება, დღეს წუხილით ვიხსენებთ ამავე დროს, რომ "ანტიქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველომ დაკარგა ყველა რეგიონული უპირატესობა, რაც მას ჰქონდა ისტორიულად, ერევანი გახდა რეგიონის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო თბილისი გახდა მაჩანჩალა და პერიფერია.

სომხეთმა უმასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ყველა ლიდერს, ხოლო თბილისი მასპინძლობს გავრილოვს და პოზნერს. სომხებმა აჩვენეს უპირატესობა დემოკრატიის სტანდარტით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საგარეო ინვესტიციების მოზიდვით, მრავალმილიარდიანი ეკონომიკური და პოლიტიკური პაკეტების მიღებით. ქვეყანა კი, რომელშიც ერთ დროს გამოცხადდა თავისუფალი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელიც იყო ასოცირებული ტრიოს შემოქმედი და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრი, წამყვანი რესპუბლიკა, აი ამ რეჟიმმა, ამ ყველაფრის შემდეგ, გადააქცია მაჩანჩალად, როგორც ასოცირებულ ტრიოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ სომხეთს შეჰყავს ძალიან მაღალი ხარისხის ინვესტორები, ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დე-ფაქტო პრემიერი ანადგურებს და კლავს ანაკლიას და სამაგიეროდ არის გადაქცეული არაბული ბინების მაკლერად, ეს არის ყველა დროის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო მომენტი საქართველოს ისტორიაში.

ამასობაში თბილისიდან რამდენიმე საათის გზაზე, მართლაც, რეალურად ამოქმედდა პრაგმატული საგარეო პოლიტიკის მშვიდობის და კეთილდღეობის მოდელი ფაშინიანის მეთაურობით. სწორედ ამიტომ ამაყი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და შეუერთდეს უნგრელებს, სომხებს, მოლდოველებს და რუმინელებს ეროვნული ინტერესების ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში და კაცობრიობის პროგრესული მონაპოვრის დასაცავად.


close დახურვა