ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საიდანაც მისი გატაცება იგეგმება ე.წ ოსური სპეცრაზმის მიერ.
"ასევე, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ მის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება". - თქვა ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 საპყრობილეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
იმავე გეგმაზე ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილის სხვა ადვოკატებიც.
"ალბათ, ხელისუფლების გეგმა და სურვილია, რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ მიხეილ სააკაშვილი". - ამბობს ბექა ბასილაია.
"შიმშილობა სულ უფრო და უფრო აშკარა უარყოფით შედეგებს იწვევს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე. ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს იმ კერძო კლინიკაში, სადაც ზოგადად ხდება პატიმრების გადაყვანა, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს ხელშეკრულება. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკებთან. ასეთია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. როცა ვსაუბრობ რუსულ სპეცსამსახურებზე, ამაში იგულისხმება ოსური ბანდფორმირებებიც და სხვა ძალები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებენ". - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და ტყუილი უწოდა ინფორმაციას, თითქოს სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.