logo
ENG



გვარამია: სააკაშვილი ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას აღარ მიიღებს

04 ნოე 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: სააკაშვილი ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას აღარ მიიღებს

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ის ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

როგორც რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს პირობა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ შეიქმნება ალტერნატიული სამედიცინო კომისია. 

გვარამია ამბობს, რომ არსებული სამედიცინო კომისია, ექიმებისგან დამოუკიდებლად, პოლიტიზირებულ პლატფორმად იქცა. 

"სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იგი ექიმთა კონსილიუმში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ანუ აღარ გაივლის მათ კვლევას, იმ დრომდე ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული სამედიცინო კომისია. პირადად ყველა ექიმის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და ნდობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პლატფორმა მნიშვნელოვნად არის პოლიტიზირებული, ექიმებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აღარ გამოხატავს მის ინტერესებს, აღარ ემსახურება მისი ჯანმრთელობის მგომარეობის გაუმჯობესებას და იქ ექიმების ხმა არის დაკარგული.

მოვუწოდებ კონსილიუმში შემავალ ყველა ექიმს, მოვიდა დრო, რომ საჯაროდ ისაუბრონ. ვიდრე არ იქნება დაშვებული ალტერნატიული კომისია მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, სააკაშვილი არ მიიღებს სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობას. ასევე ვთხოვ სამედიცინო კონსილიუმის წევრ ექიმებს მოუწოდონ ხელისუფლებას, რომ ალტერნატიული მექანიზმები იყოს დაშვებული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა