logo
ENG



გია ვოლსკი: ოცნებიდან ალექსანდრე ერქვანიას წასვლა არ არის კრიზისი

10 დეკ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
2uacrziqbqei1lr.jpg

უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის წასვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ერქვანიას განცხადება, გაუგებარი და არარეალურია, თუმცა დეპუტატების ნაწილისთვის მისი წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

„მე არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა არის კრიზისი, როგორც თქვენ გინდათ ეს წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს. მთავარი ის კომენტარებია რაც მან გააკეთა, მითუმეტეს ეს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, რომ თითქოს აქ ეკლესიასთან გარკვეული დაპირისპირებაა. ეს განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ალექსანდრესგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი,“- განაცხადა გია ვოლსკმა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კი მას ისედაც ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ალექსანდრე „ქართული ოცნების“ რიგებს დატოვებდა.

„როდესაც რამდენიმე კვირის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ არის მოლოდინი ერთი ორ ადამიანთან დაკავშირებით, რომ შეიძლება დატოვონ უმრავლესობა და მე არ გიპასუხეთ კონკრეტული სახელის და გვარის შესახებ მაშინ. ერთ-ერთი იყო ალექსანდრე ერქვანია. სამწუხაროა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის „ქართული ოცნების“ რიგებში ფორმალურად ირიცხებოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოცნების წევრის სოფო კილაძის შეფასებას ის აცხადებს, რომ ძალიან კარგად ჩანს ვინ ებრძვის ეკლესიას.

„არ გავაკეთებ არავითარ კომენტარს გარდა ერთისა, რომ აბსურდულად ჟღერს, რომ ქართული ოცნება ეკლესიას ებრძვის. არ ვიცი ის ასე რატომ ფიქრობს, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს ვინ ებრძვის ეკლესიას“, - აცხადებს კილაძე.

მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის - ასე ახასიათებს პოლიტიკურ პროცესს უმრავლესობიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატი. ალექსანდრე ერქვანია, ყოფილ თანაგუნდელებს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ იბრძვის. ოცნების ყოფილი წევრი, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, ქაოსსა და გაურკვევლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობამ, ადამიანებს მომავალის იმედი დაუკარგა. ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.  


close დახურვა