logo
ENG



გიგაური: მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება

07 აგვ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 
pcyb2mgccekya25.png

"მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება", - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

გიგაურის თქმით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა დახმარებებს გასცემს ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად მოსახლეობა ავსებს. 

"დღეს საქართველო არის ძალიან რთულ ვითარებაში. გვყავს ბევრი მოქალაქე, რომელთაც შეეხოთ კრიზისი და მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება მთავრობისგან. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ ზღვარს პოლიტიკურ პარტიასა და მთავრობას შორის. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს დახმარება მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ ეხმარება. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არის ყველასი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში", - ამბობს გიგაური

გიგაური მიიჩნევს, რომ გაწეული დახმარებები მოსახლეობაზე გავლენას იქონიებს. 

"ეს რომ ყოფილიყო არა კოვიდის შემდეგ პერიოდი, ვიტყოდით, რომ ეს არის საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯი, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არის საჭიროება. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება, ეს არის მთავრობის დახმარება", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დოკუმენტების არასრულად წარმდგენი თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას აიღებენ. გარდა ამისა, მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს, ხოლო 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ


close დახურვა