როდესაც ლამის პირდაპირ ეთერში, პირდაპირი მნიშვნელობით თვალს ვადევნებთ პარალელურად ჩვენი სახელმწიფოს და მისი მესამე პრეზიდენტის ფიზიკური განადგურების პროცესს, გვიჩნდება განცდა, რომ მისი შეჩერება, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობაა და მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველით. და როდესაც პრობლემების სწრაფი მოგვარება ვერ ხერხდება, ბუნებრივია, იზრდება კიდეც უკმაყოფილება პარტიის შიგნით, თუ მის გარეთ. ვითარება დღეს ნაწილობრივ შეცვლილია, მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ნაცმოძრაობაში პასუხისმგებელთა ახალი ჯგუფი გამოიკვეთა, თუმცა მოცემულობა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, კვლავაც უცვლელია.
ეს მოცემულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ რეგრესი როგორც ქართული სახელმწიფოს კვდომის, ისე სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიმართულებით, კიდევ უფრო დაჩქარდა. რაც დღეს ჩვენ ეკრანზე ვიხილეთ, მიშას დაუძლურებული სხეულის სახით, კიდევ ერთი ვიზუალური დადასტურებაა იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, მის გადასარჩენად კი დრო სულ უფრო ცოტა რჩება. ასევე, აშკარაა ისიც, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, სულ უფრო შორდება დასავლურ სამყაროს და იხრება რუსეთისკენ. ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, რადგან დამოკიდებულება დასავლეთსა და რუსეთს შორის უფრო მეტად იძაბება. დასავლეთი აშკარა შეტევაზეა გადასული არა მხოლოდ უკრაინის სწრაფი შეიარაღების, არამედ რუსეთის სრული პოტენციალის მაქსიმალურად დასუსტების კუთხით. რაზეც ირანში მიმდინარე მოვლენები და მასში ისრაელისა და ამერიკის პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა მიგვანიშნებს. ცხადია, დასავლეთს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რუსეთს მოუსპოს არა მხოლოდ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გაგრძელების, არამედ რეაბილიტაციისა და ნებისმიერი ტიპის ახალი სამხედრო აგრესიის წამოწყების ყველა შანსი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რაც გამოიწვევს მოსკოვის მხრიდან მისი საგრძნობლად შემცირებული დასაყრდენებისგან კიდევ უფრო მეტი რესურსების მოთხოვნასა და მათი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას. საქართველო დღევანდელი მოცემულობით და ოცნების ხელისუფლების დუმილით, თუ პირდაპირი თანხმობით რუსეთის დასაყრდენად განიხილება. როდესაც მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება, ეს პატარა დასაყრდენი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდება. წნეხი საგრძნობლად გაიზრდება. რამდენიმე დღის წინ ლავროვის უწყებამ გააკეთა განცხადება კავკასიაში მათი გეგმების და 3+3 ის ფორმატის მნიშვნელობის შესახებ, სადაც საქართველოც მოიაზრა. მოსკოვი უკვე აშკარად ცდილობს, რომ საქართველო ღიად რუსეთის მოკავშირედ აქციოს, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მოსკოვისადმი წინააღმდეგობის არარსებობის, დასავლეთის მიმართ კი კონფრონტაციული დამოკიდებულების პირობებში, ქართული სახელმწიფოს კვდომის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
რადგანაც ორივე ფაქტორი, სააკაშვილის ჯანმრთელობა და ქართული სახელმწიფოებრიობის განლევა, დღეს ბევრად გამძაფრებული და აჩქარებულია, ეს აშკარად ქმნის ცაიტნოტურ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სასწრაფოდ მისაღებად და სერიოზულად ზრდის წნეხს ნაცმოძრაობის ახალ ხელმძღვანელობაზე. ეს გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, სწორედ მათი მისაღებია. ვითარების დრამატულობას კი ის აძლიერებს, რომ თუ პარტიის ახალი მმართველების სტრატეგია შედეგს ვერ გამოიღებს, ეს, უდიდესი ალბათობით, სააკაშვილის სიკვდილს შეიძლება ნიშნავდეს. სააკაშვილის ფიზიკური განადგურება კი, ავტომატურად, ნაცმოძრაობის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის მინიმუმ ამ სახით დასასრულს უდრის. ამიტომ, მოლოდინი, რომ "..ხაბეიშვილი თუ ჩაფლავდა, მე ისევ აქტუალური გავხდები..", არის პოლიტიკური ახლომხედველობა, მორალურად და ზნეობრივად გაუმართლებელი პოზიცია და ამავე დროს, სრული პრაგმატული სიბეცე.
პარტიაში გამარჯვებულების მარცხი დიდ სურათშიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, როგორც ზოგადად ქვეყნისთვის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის. მათმა ლიდერებმა ზუსტად უნდა დაინახონ მომენტის სიმწვავე, იმ გაგებით, რომ თუ ნაცმოძრაობა ვერ ახერხებს სააკაშვილის გადარჩენას, ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ღრმა ფრუსტრაციასა და დიდი ხნის განმავლობაში ავტორიტარულ წყვდიადს ნიშნავს. სადაც მათ, ნაცმოძრაობის განადგურების პირობებში, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ, რაიმე ტიპის მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიონ. მითუმეტეს, როდესაც მიშას, როგორც ადამიანის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ნაცმოძრაობის, არამედ მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა და ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში, ოპოზიციური ერთობა კარგავს როგორც ლეგიტიმაციას დაიკავოს, ნაცმოძრაობის ნიშა, ასევე პერსპექტივას, რაიმე სახის სერიოზულ ცვლილებას მიაღწიოს ქვეყანაში.
ამიტომაც, არ არის აუცილებელი ნაცმოძრაობის ახალი ლიდერი გიყვარდეს, მოგწონდეს, მისი მეგობარი ან მიმდევარი იყო იმისთვის, რომ უგულშემატკივრო, რომ ის იქცეს იარაღად ყველა იმ ადამიანის ხელში ვისაც მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და ამ ქვეყნის რუსეთის დანამატად გადაქცევა არ სურს.