logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძალა VC ამოვარდნა

15 თებ 202619:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/15/7w33ssxbkoefah7.jpg

გასული კვირა საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების დასახასიათებლად ერთ სიტყვაში ჩაიტევა: ამოვარდნა.

ამოვარდნა რეგიონული პოლიტიკის რუკიდან, ამოვარდნა დასავლური დღის წესრიგიდან და რაც ყველაზე სახიფათოა ამოვარდნა საკუთარი ისტორიული მეხსიერებიდანაც.

ვაშინგტონის ახალი აქტივობა რეგიონში მიმდინარეობს ისე, რომ ერთ დროს მთელი რეგიონის გასაღები საქართველო  - ამ რეგიონის ჯაჭვის ერთი რიგითი რგოლიც აღარ არის. და  ეს განცდა არ წარმოიშობა არა თუნდაც ვენსის ვიზიტის “პროტოკოლიდან” - არამედ ივანიშვილის  ხელისუფლების მიერვე შექმნილი რეალობიდან: პარტნიორები ელოდებიან პროგნოზირებადობას,  თბილისიდან კი მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებები მიდის. ამიტომაც უწევს სახელმწიფო დეპარტამენტს ბიძინასთვის ,,დამარცვლა": ,, განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.“

მართლაცდა, რომ დავფიქრდეთ, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ნების ,,სერიოზულობის“ რა  უგავს სინდისის და პოლიტიკური პატიმრებით სავსე, ტროტუარზე დგომის გამო მდევნელი,   დასავლეთთან ურთიერთობის მაკრიმინალიზებელი, ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ეროვნული რეზერვების განმთავსებელი, ისლამური რევოლუციისა და საკუთარი ხალხის გენოციდის თარიღის საზეიმოდ აღმნიშვნელი და კვერცხის ფასთან მებრძოლი,,უხეირო დიქტატურის“ პროვინციულ გამოვლინებას.

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე „გადატვირთოს“ ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჰგავს დაზიანებული ლიფტის ღილაკზე  თითის ნერვიულად დაჭერას და იმის მოლოდინს, რომ რაც მეტს დააჭერ ღილაკს - კარი გაგეღება.

სუს-ის უფროსის ვიზიტი ვაშინგტონში და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით შემდგარი ტექნიკური კონტაქტები თავად ამერიკული განმარტებებითაც „ტექნიკურ ჩარჩოში“ რჩება -  ანუ არა პოლიტიკურ დინამიკად, არამედ სამუშაო კონტაქტად, რომელიც ვერ ფარავს მთავარ პრობლემას: ნდობის დეფიციტს ივანიშვილის და მისი მარიონეტების მიმართ.

და აი აქ იწყება ყველაზე მძიმე კონტრასტი, თუ ბანალურ უტვინობასა და არაპროფესიონალიზმთან არ გვაქვს საქმე, რაც ქართული ოცნების შემთხვევაში ვერ გამოირიცხება, შეგვიძლია მას ესკალაციის სტრატეგიაც კი დავარქვათ: :ფაქტია, რომ იმავე კვირაში, როცა ხელისუფლება დასავლეთთან „გადატვირთვაზე“ საუბრობს, თბილისი ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს ისე, თითქოს ეს ნეიტრალური კალენდარული თარიღია. მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათება მხოლოდ ცუდი გემოვნება  ვერ იქნება - ეს საგარეო პოლიტიკის სარკეა: როცა ვერ არჩევ, სად მთავრდება დიპლომატია და სად იწყება მორალური კაპიტულაცია.  ისრაელის კრიტიკულ შეფასებაზე გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების რეაქცია შეურაცხყოფაზე, რომელიც იმავე დღეს, იმავე ღონისძიებით ქართულმა ოცნებამ და ირანის საელჩომ ჩვენი ერის ისტორიულ მეხსიერებას მიაყენა, როცა ირანის საელჩოს ორგანიზებულ მიღებას  „საზეიმო ისტორიული“ შრე შემოაკრეს ,,ირანში ქართველების 400 წლის წინ ჩასვლის“  აღნიშვნით. რა უწყინრად ჟღერს: თითქოს კულტურული დიასპორის ამბავია, თითქოს მეგობრობის, გაცვლის, „საუკუნოვანი თანაცხოვრების“ ნარატივი. რეალობაში კი ეს „ჩასვლა“ იყო იძულებითი გადასახლება, შაჰ აბასის გამანადგურებელი ლაშქრობების შედეგი - აღმოსავლეთ საქართველოს დაქცევა, კახეთის დაცლა, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ათეულობით ათასი ადამიანის ირანში იძულებით გადასახლება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც გზაში დაიღუპა.

ამიტომაცაა ეს თემა არა უბრალოდ უხერხული, არამედ მორალურად მიუღებელი: ოცნება ირანის საელჩოს მიღებაზე „ქართველების ჩასვლას“ ზეიმობით ახდენს ტრაგედიის ( თავად უყვართ ეს სიტყვა) რებრენდინგს -  გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი დეპორტაციის ენას ცვლის ნეიტრალური ტურისტული სიტყვით: „ჩასვლა“. ეს არის ისტორიის გათეთრება, რომელიც სუსტად კი არა  - ზუსტად და ძლიერად მოქმედებს: მეხსიერებას ართმევს სიღრმეს, ისტორიულ მეხსიერებაში დარჩენილ ტკივილს ართმევს სახელს და ერს ართმევს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.

იდეაში რა უნდა გაგვიკვირდეს ძალისგან, რომელმაც ძალაუფლების ხელში აღებისთანავე ოკუპაციის მუზეუმები გააუქმა და დევნის განსაკუთრებულ სამიზნეში ჰყავს ყველა, ვინც რუსეთის საოკუპაციო  მემკვიდრეობაზე საფუძვლიანად მუშაობს.

პარალელურად „ოცნება“ კიდევ უფრო ამწვავებს ურთიერთობას ევროკავშირთან: “გრანტების” მიმართულებით ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ლოგიკა, პრაქტიკაში, დასავლეთთან, ნებისმიერი - რეჟიმის მიერ არასანქცირებული თანამშრომლობის კრიმინალიზებისკენ მიდის, ხოლო განათლების „რეფორმა“ -  დაჩქარებული პროცედურებით ანადგურებს უნივერსიტეტების ავტონომიას და შესაბამისად ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობას. ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის; ეს არის სახელმწიფოს მომავლის, მისი მდგრადობის და მტრის წინაშე მედეგობის  ინფრასტრუქტურის დაშლა.

ამ მძიმე ფონის პარალელურად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. დასავლეთი არ დაიშალა  -  კონსოლიდირდა. მიუნხენში უკრაინის მხარდაჭერა არ განიხილებოდა, როგორც „დამღლელი ვალდებულება“, არამედ როგორც საკუთარი წესრიგის დაცვის აუცილებლობა. სწორედ ამ ერთიანობამ, ამ ღიად გაცხადებულმა პოლიტიკურმა ნებამ, ფაქტობრივად გამოაცალა ნიადაგი საქართველოში პუტინისტურ და რევიზიონისტულ ჯგუფებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დასავლეთი იშლება, სუსტდება და ბოლოს მაინც „დაგვტოვებს“.

მიუნხენში გაისმა ძალიან მკაფიო გზავნილი: დასავლეთის შიგნით შეიძლება იყოს დებატები, შეიძლება იყოს საკუთარი შეცდომების კრიტიკა, მაგრამ სტრატეგიული არჩევანი - ღირებულებებზე დამყარებული წესრიგის დაცვა - არ იცვლება.

მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა ის, რაც ბევრს დასავლეთში ხმამაღლა არ უთქვამს: შეცდომები იყო. ზედმეტი თვითდაჯერებულობა, გადაჭარბებული რწმენა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ავტომატურად პოლიტიკურ ლიბერალიზაციას გამოიწვევდა; რწმენა, რომ ავტორიტარული რეჟიმები გლობალურ წესებს თამაშის წესებად მიიღებდნენ... მიუნხენში ამ შეცდომების აღიარება არ ნიშნავდა კაპიტულაციას - პირიქით, ნიშნავდა რეალობის გაცნობიერებას და ძალის აღდგენის აუცილებლობას. ღირებულებებზე დამყარებული წესრიგი თავისით არ არსებობს; ის დაცვას საჭიროებს.

მერცის, სტუბის, მაკრონის,, სტარმერის სიტყვებიც სწორედ ამ ხაზს აგრძელებს: ევროპას ,,რბილთან“ ერთად ჭირდება ,,ხისტი ძალა," ჭირდება შესაძლებლობა, არა მხოლოდ ნორმების დაწესების, არამედ მათი დაცვის.

,,ძალა - როგორც თანამედროვეობის ვალუტა" - არ არის მილიტარისტული ლოზუნგი; ეს არის პოლიტიკური სიმწიფის აღიარება. ვინც არ ფლობს ძალას, ვერ იცავს წესებს. ვინც ვერ იცავს წესებს, კარგავს თავისუფლებას.

ამ კონტექსტში საქართველოს რეალობა კიდევ უფრო მკაფიო ხდება. როცა დასავლეთი საკუთარ შეცდომებს აანალიზებს და ერთიანდება ღირებულებების დასაცავად, ქართული ხელისუფლება თითქოს ცდილობს ერთდროულად რამდენიმე კარის გაღებას  და საბოლოოდ ვერც ერთს აღებს. პუტინისტური ნარატივის მთავარი საყრდენი - რომ დასავლეთი სუსტია, დაყოფილია და ისტორიულ დაღმასვლაშია - დღეს ფაქტებით ცამტვერდება. დასავლეთი საკუთარი სტრატეგიის გადააზრების ფინალშია,  ისე რომ არ თმობს საკუთარ, ცივილიზაციურ საფუძვლებს.

სწორედ ამიტომაა საქართველოსთვის გადამწყვეტი კითხვა შიდა პოლიტიკაში: ვის მხარეს არის ძალა? სიმართლე, სოციალური  უკმაყოფილება, საერთაშორისო კონტექსტი - ეს ყველაფერი ოპოზიციისა და პროტესტის მხარეს დგას. მაგრამ თანამედროვე პოლიტიკაში სიმართლე საკმარისი არ არის.

თუ დასავლეთმა დაასკვნა, რომ ღირებულებები მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს სიცოცხლეს, როცა მათ უკან ძალაა, იგივე კანონი მოქმედებს საქართველოში.

დღეს მმართველი ძალა კარგავს ლეგიტიმაციას საერთაშორისო ასპარეზზე და ნდობას შიგნით. მაგრამ ოპოზიციის მთავარი სისუსტე სწორედ ძალის დემონსტრაციის დეფიციტია - ორგანიზებული, შეთანხმებული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალის, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს არა მხოლოდ პროტესტს, არამედ ალტერნატივას.

ძალა არ არის აგრესია; ძალა არის უნარი, მიზანს მიაღწიო. დასავლეთმა მიუნხენში აჩვენა, რომ ეს უნარი აქვს და მზადაა გამოიყენოს. საქართველოს ოპოზიციას კი ჯერ კიდევ აქვს დასამტკიცებელი, რომ შეუძლია საზოგადოების სიმართლე გადაიყვანოს პოლიტიკური შედეგის ენაზე.

თუ ეს არ მოხდა, ქვეყანა დარჩება იმ მდგომარეობაში, რასაც ედიტორიალის  დასაწყისში ,,ამოვარდნა“ დავარქვით. ამოვარდნა არა მხოლოდ დასავლური დღის წესრიგიდან, არამედ საკუთარი შანსიდან.

დასკვნა ერთ აბზაცში შეგვიძლია ჩავატიოთ: თანამედროვე სამყაროში ღირებულებებს იცავს ძალა. დასავლეთმა ეს არჩევანი გაიაზრა და გააკეთა. ახლა საკითხავია - შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალად აქციოს ის სიმართლე, რომელიც მის მხარეს დგას.


close დახურვა