მას შემდეგ, რაც ფართო განხილვა მოჰყვა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 25 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქტივისტს ლგბტ სამკლაურის გამო თავს აქციისვე მონაწილე ძალადობრივი ჯგუფი დაესხა, ერთერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სცენიდან კიდევ ერთხელ გაახმოვანა მისი პოზიცია.
როგორც გოლეთიანი ამბობს, აქციაზე მისული თითოეული ადამიანის უფლება დაცული იქნება. მისივე თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებმა სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთობის პრეცედენტი შექმნა, დაპირისპირების შემთხვევაში კი, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული ვერ იქნება.
"ჩვენ შევქმენით უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთობისა ჩვენი საზოგადოების. დამერწმუნებით, ეს არის ქვაკუთხედი იმ დიდი გაერთიანების, რომელიც უნდა მოყვეს ამ მოძრაობას. თუ ჩვენ დავიყოფით სხვადასხვა ჯგუფებად, მოხდება ჩვენი დაპირისპირება, ბუნებრივია ვერ იქნება ეს სახალხო მოძრაობა და ვერ იქნება აქ თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცული.
ამ ნაწილში პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ჩვენ დავიცავთ აქ მოსული თითოეული ადამიანის უფლებას, რომელიც არის კონსტიტუციური უფლება", - ამბობს გოლეთიანი.
გოლეთიანმა აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ისინი თითოეული ადამიანის თუ ჯგუფის ინტერესს ითვალისწინებენ.
"ჩვენ არ ვიკრიბებით ერთმანეთის გამოსასწორებლად აქ, ჩვენ ვიკრიბებით საკითხების გადასაწყვეტად. ყველას ვთხოვთ, რომ განსაკუთრებულად გაითავისოს ეს ყველაფერი. ამავდროულად, აქ დაცულია თითოეული ადამიანის და ჯგუფის ინტერესი", - ამბობს გოლეთიანი.
24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.
ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მესამე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ:
შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.