შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტთან 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრეს და ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს, თუ რა ღონისძებები ჩაატარა პოლიციამ ბოლო დღეების განმავლობაში.
"ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდით, მოვახსენეთ და მას აინტერესებდა, თუ როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო და რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ადმინისტრაციულად, ეს ყველაფერი მოვახსენეთ პრეზიდენტს", - თქვა გომელაურმა.
ზურაბიშვილისა და გომელაურის შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძეც.
მანამდე ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტთან მიტროპოლიტი შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც მივიდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა და თქვვა, რომ უშუალოდ შეხვედრას ის არ ესწრებოდა.
"უჯბრალოდ მოვაცილე მეუფე", — აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.