საქართველოს შნაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება.
„დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არამხოლოდ საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოოლოგიები ვითარდება. ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად. რომ ვთქვა, საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, მოვიტყუები,“ - აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტების სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.
დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.
საქართველოს ხმარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს კანადის, რუმინეთის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, დანიის, ესტონეთის, პოლონეთისა, და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.
ბრალდებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს.