logo
ENG



გრიგორიადისის დედა: მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა

12 აპრ 202410:22
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოსალოდნელი განაჩენი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

"ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რომელიც გაუკეთებია", - თქვა მან ჟურნალისტებთან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

 


close დახურვა