გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ლვივში გამართული სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ზაპროჟიეს ატომურ ელქტროსადგურში რუსეთის ქმედებების გამო.
გუტიერეშის თქმით, ზაპოროჟიეზე ნებისმიერი ზიანი, შესაძლოა, სუიციდის ტოლფასი გახდეს.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ. არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გვქონდეს. უნდა ვთქვათ ისე, როგორც არის: ზაპოროჟიეზე ნებისმიერი პოტენციური ზიანი იქნება სუიციდი." - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
ამავე შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„მაშინ როცა ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, განვაგრძობთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით ყოფნას” – განაცხადა ერდოღანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ბირთვულ შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. აგრესორის მხრიდან ამ მიზანმიმართულ ტერორს შესაძლოა გლობალური კატასტროფული შედეგები მოჰყვეს მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსი სამხედროებისგან” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
18 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი დელეგაცია უკრაინის ქალაქ ლვივში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიც.
გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა და მასთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლვივში გუშინ, 17 აგვისტოს ჩავიდა. ლვივის შემდეგ ანტონიო გუტიერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს.
***
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.
13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება".
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.
18 აგვისტოს რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა.