logo
ENG



დაამტკიცეს კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქის ევროპაში გაშვებას მესაზღვრე გადაწყვეტს

02 სექ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 
n8biuozqswyag4t.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს. ეს წესები და პირობები მინისტრმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაადგინოს.

ცვლილება შევიდა საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში. პროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:

  • იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
  • წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ

  • საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა;
  • საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ჯავშანს;
  • არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან  კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას;
  • არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • არ წარადგენს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას.

კანონპროექტი 2018 წლის აპრილშია ინიცირებული და მისი ავტორი 9 პარლამენტარია, მათ შორის, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და ზვიად კვაჭანტირაძე.

ინიციატორები განმარტებით, ბარათში ცვლილების მიზეზად გერმანიისა და შვედეთის პოზიციაზე უთითებენ, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია საყურადღებოა და არ არის გამორიცხული შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. 

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. 


close დახურვა