logo
ENG



დავასრულებთ ყველა ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში - პარლამენტთან სსრკ დროშა დაწვეს

05 თებ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტს მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ, სსრკ დროშა დაწვეს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხალხს არ უნდა, ქვეყანა დაბრუნდეს ტოტალიტარულ რეჟიმში და სწორედ ამიტომაა პროპორციული არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა.

„ისტორიის ცეცხლს უნდა მივცეთ ყველა დიქტატორი. ჩვენ სსრკ-ის აღდგენას არ დავუშვებთ და პროპორციული არჩევნები იდეალური სისტემაა, რომ აღარ მივიღოთ ახალი ივანიშვილი და ბელადი. ლენინიზმი და სტალინიზმი უნდა ჩაბარდეს წარსულს. ჩვენ ასე დავასრულებთ ყველა ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში - მშვიდობიანად, მაგრამ ისტორიის ცეცხლით“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს მზად აქვს გეგმა „ქართული ოცნების“ ნებისმიერ მოქმედებაზე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით.

„მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ამან მოგვიტანა გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე. „ქართულ ოცნებას“ უნდა დესტაბილიზაცია, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ვერ მიიღებენ. ოქტომბრის იქეთ ესენი აღარ იქნებიან - ოპოზიცია ერთიანია, საზოგადოებაში კონსენსუსია, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და პროტესტი გაგრძელდება. მზად ვართ, რა უნდა გავაკეთოთ უარის შემთხვევაში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ქვეყნის ყველა პრობლემას აქვს ერთი სახელი - „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს ვერ გადაეღობება ეს ძალა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.


close დახურვა