logo
ENG



დანიაში საქართველოს ელჩი კარტოგრაფებზე: ეს პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე

28 იან 202119:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/28/y5zi6eu66ifvcm1.jpg

საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ კარტოგრაფებისთვის წაყენებული ბრალდება, რომელსაც, მისი შეფასებით, არცერთი გარემოება არ ამყარებს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - წერს ელჩი. 

გიგიაძემ კარტოგრაფებს მხარი მათი დაკავების დროსაც გამოუცხადა, როდესაც დაწერა, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდული იყო. 

"წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები მალევე გათავისუფლდებიან", - განაცხადა მაშინ გიგიაძემ

კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, გადაწყვეტილება მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში სწორედ გიგიაძის მხარდამჭერი განცხადების გამო მიიღეს. მაშინ გიგიაძემ განაცხადა, რომ დანიაში ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ეწურებოდა და ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, როგორ გააგრძელებდა საქმიანობას.  

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ​კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.


close დახურვა