logo
ENG



დაუმორჩილებლობის აქციაზე ერთი ადამიანი დააჯარიმეს

07 თებ 202100:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/urr03ztj44yhy37.jpg

თბილისში, დედაენის ბაღში მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო ერთი ადამიანი დააჯარიმეს. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთერთი მათგანი იმის გამო დააჯარიმეს, რომ დედაენის ბაღის ტერიტორია დატოვა და აფთიაქში წამლის საყიდლად გადავიდა მიმდებარე ქუჩაზე.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ჯარიმები მათ განწყობას ვერ შეცვლის და აქცია კვლავ გაგრძელდება.

„არ ვემორჩილებით კომენდანტს, ყველა ერთად დაგვაჯარიმეთ, ერთ ადამიანს რომ ერევით. ერთი ადამიანი დააჯარიმეს, გამოიჭირეს მარტო მყოფი. ყველა ერთად ვართ აქ და ვეუბნებით, რომ გოგა მემანიშვილი არის მთავარი მონა და ყველა აქ მყოფი პოლიციელი. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ რეგულაციებს და ვდგავართ აქ", - ამბობენ აქტივისტები.

აქციაზე მყოფი ლელო საქართველოსთვის წევრი, საბა ბუაძე, აცხადებს, რომ თავად გაუწევს იურიდიულ დახმარებას დაჯარიმებულ მოქალაქეს.

აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობენ, რომ დაჯარიმდება ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება. 

„ნებართვის გარეშე ვინც გადაადგილდება, დაჯარიმდება. ყველაზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება, ვინც არღვევს წესებს. ორი თვე გვაქვს საქმის წარმოებისთვის და ვისზეც დადგება პიროვნების იდენტიფიცირება, ყველა დაჯარიმდება", - ამბობენ ადგილზე მობილიზებული პოლიციელები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.  

მსვლელობაში პოლიტიკოსები, რესტორატორები, აქტივისტები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 


close დახურვა