logo
ENG



დეგნანი: მთავრობამ EU-ის მოთხოვნების შესასრულებლად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს

28 ივნ 202218:43
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: მთავრობამ EU-ის მოთხოვნების შესასრულებლად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მთავრობამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რათა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დაყენებული მოთხოვნები შესრულდეს.

დეგნანის თქმით, ევროკავშირს სურს საქართველოს მიღება, ამისათვის კი ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების მიმართ.

"საქართველოს მოსახლეობამ სხვადასხვა აზრთა გამოკითხვების მეშვეობით მკვეთრად დააფიქსირა მათი სურვილი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. ახლა არის დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველასთან, იმისათვის, რომ ის მოთხოვნები, რაც დაყენებულია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იქნეს შესრულებული და იმედია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს სურს მისი მიღება, უბრალოდ ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის განვითარების და რეფორმების მიმართ", - ამბობს დეგნანი. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა