logo
ENG



დეკანოიძე: ქართულ ოცნებას ჩარჩო შეთანხმების გარშემო საუბარი აუცილებლად მოუწევს

02 მარ 202114:28
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ქართულ ოცნებას ჩარჩო შეთანხმების გარშემო საუბარი აუცილებლად მოუწევს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მმართველი გუნდის რიტორიკა მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

მისი თქმით, ჩარჩო შეთანხმების პუნქტები, რომელიც 1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე შეჯერდა, ითვალისწინებს როგორც ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

"რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და რა თქმა უნდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ზოგადად ქვეყანას, არ იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა.

ჩარჩო შეთანხმების პუნქტები, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი, გულისხმობს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას უპირობო გათავისუფლებას. ჩვენი ძირითადი დიალოგის მთავარი ნაწილი იყო ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ნიკა მელია წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის სახელით. შესაბამისად, ამ ჩარჩო შეთანხმების გარშემო საუბარი აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგის, ვითარების დეესკალაციის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ დასავლელი პარტნიორების მოწოდებები არ გაითვალისწინა, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვიდა. 

ის შეხვდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, 1-ლი მარტის საღამოს კი მისი მედიაციით გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი. 

ჩარჩოს მიხედვით, მხარეებს შორის განხილვის თემა უნდა იყოს არა 4, არამედ 6 საკითხი, მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. 

ამის მიუხედავად, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია" და ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, პრემიერმა თქვა, რომ "მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და ის ამ გზით გაათავისუფლონ".


close დახურვა