logo
ENG



დეკანოიძე პოლიციელზე: ის უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ჩვენ კი ვხედავთ ძალადობას

24 იან 202220:41
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე პოლიციელზე: ის უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ჩვენ კი ვხედავთ ძალადობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პოლიციელის მიმართ შშმ პირის ცემის ფაქტი ჩანს და ფაქტს არაადამიანურს უწოდებს.

როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ხშირად მოქალაქეები საპირისპიროს აწყდებიან. 

"ძალიან რთულია რომ ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებებს მეშვეობით. მხედველობაში მაქვს პოლიციელის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა შშმ პირის მიმართ და რეალურად ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის ზუსტად სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ...ჩვენი მოთხოვნაა დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მოგვიანებით მომხდარს შენაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

 


close დახურვა