logo

დიღმელაშვილი რურუაზე: ამ ადამიანს ხელისუფლებას არ შევატოვებთ

clock 30 ივნ 202007:55

სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.  აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. 

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რურუას ხელისუფლებასთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებენ.

„ჩვენ 20 ივნისს როდესაც დავაყენეთ მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, დავაყენეთ მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. თავიდან 300 იყო, მერე 20-ზე ჩამოვიდა, მერე 7-ზე და ასე გამოვაცალეთ თითო-თითო ადამიანი. საქმე მივიდა იქამდე, რომ როგორც თითქმის პროპორციული არჩევნებია, ისე, თითქმის, ყველა პოლიტპატიმარი გარეთაა. იმ ერთ ადამიანსაც არ შევატოვებთ ხელისუფლებას“, - აცხადებს დიღმელაშვილი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. მათი თქმით, ეს რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

თავის მხრივ, კენჭისყრის პარალელურად, რურუა პატიმრობაში დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ არ ჩაეგდო ცვლილება და ამავდროულად, დრო მიეცათ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა ადამ კინზინგერი. კონგრესმენი მხარეებს მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან და 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორები საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.
ასევე წაიკითხეთ
close დახურვა