დროა მიხეილ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.
"26 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში.
2021 წლის 23 ოქტომბერს გამართულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაღალი, მესამე კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გლდანის საპატიმროს საავადმყოფოს არ აქვს იმ ტიპის სამედიცინო აპარატურა და შესაძლებლობები, რაც შესაძლოა სააკაშვილის სამკურნალოდ გახდეს საჭირო.
"ქართულმა ოცნებამ", ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.
ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პარტია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.
"თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.
ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაცული იყოს პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ლელომაც.
პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.
ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.