ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გაემგზავრება. ელისეის სასახლის ცნობით, ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან ერთად გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლებს.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთს პირველად ეწვია. ის შეხვდა პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს, მეფე ჩარლზ III-ს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტშიც. მან ხაზი გაუსვა პირველივე დღეებიდან ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ხელი გაუწოდა მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო.
ზელენსკიმ პარლამენტს მეტი მხარდაჭერისკენაც მოუწოდა და მიუთითა, რომ დღეს პარლამენტში იდგა უკრაინელი მებრძოლებისა და იმ მშობლების სახელით, რომლებიც ომიდან თავიანთი შვილების დაბრუნებას ელოდებიან.
"ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მოიწევს, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, ეცოდინება, რა ელოდება, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი აჩუქა წარწერით - "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად".