logo
ENG



ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში არის 4 მძიმე და 1 კრიტიკული პაციენტი

04 აპრ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
f4yvexy3ok0a4dy.png

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არცერთი პაციენტი არ იმყოფება. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში გერმანიიდან ჩამოსული რამდენიმე პაციენტი მიიღეს, დღეს იგეგმება მათი ტესტირება და პასუხები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტი მკურნალობს.

„დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 156 დადასტურებული შემთხვევა, გუშინდელს თუ შევადარებთ, 8 შემთხვევა დაგვემატა. ამ 8 შემთხვევიდან ჩვენს ცენტრში არცერთი ახალი არ არის. ჩვენ გუშინ მივიღეთ პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ, მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება პასუხები. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მდგომარეობა დასტაბილურებულია, იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. ერთი კრიტიკული გვყავს და 4 მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობასა და მკურნალობას საჭიროებენ. რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და პროგნოზირება შესაძლებელი იქნება. ჩვენს ცენტრში მედპერსონალიდან 2 იქნა გამოკვლეული, არცერთს არ დადასტურდა. გამოჯანმრთელებულ შემთხვევებს ერთი დაემატა, რომელიც დღეს ალბათ დატოვებს ცენტრს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში 5526 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344.  

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმომ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა