logo
ENG



ეზუგბაია: 2 ახალი დაინფიცირებულიდან ერთი სომხეთის მოქალაქეა, მეორე საქართველოსი

27 ივნ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა უცხოეთიდან შემოტანილია. ორივე ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიას თქმით, ერთ-ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის სომხეთის მოქალაქეა. მისივე განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, დღეს კლინიკიდან 2 პაციენტს გაწერენ, საბოლოო ჯამში,  კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი და ისინი არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ 1 პაციენტი ახალი დადასტურებული, ისიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და შემოტანილი შემთხვევაა. 2 პაციენტი გაეწერა, მაგრამ ეს არ არის ასახული, იმიტომ რომ დღეს დილით გაეწერებიან ისინი და ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა რუტინული კვლევებით და ობიექტური მონაცემებით, საშუალო სიმძიმის არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია - არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება პროგნოზის სახით და ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ. ახალი პაციენტები სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება არ ჩაუტარდათ საქართველოში, ერთი, ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე საქართველოსი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 921 შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობაა 781, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 14.


close დახურვა